გიორგი ქადაგიძე სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იუჰა კაჰკონენს შეხვდა

გიორგი ქადაგიძე სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იუჰა კაჰკონენს შეხვდა

14 მაისი, 2015

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გრძელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრები. გიორგი ქადაგიძე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს იუჰა კაჰკონენს შეხვდა.

სავალუტო ფონდის მაღალჩინოსნის და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები იყო.

„საინტერესო შეხვედრა მქონდა სებ-ის მმართველთან. განვიხილეთ მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. ვისაუბრეთ საქართველოს წინაშე არსებულ იმ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, რომელიც საქართველოს ახლო მომავალში ელის. ვისაუბრეთ იმ პოლიტიკაზეც, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ამ პერიოდში. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს აქვთ გამოწვევები, რომელიც ძირითადად გარე ფაქტორებით არის განპირობებული -  რუსეთის და უკრაინის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების ეკონომიკის შენელება, ასევე ვალუტების რყევა. სიტუაცია არის რთული, რადგანაც გარე შოკები სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება. ასეთ დროს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არსებულ რეალობას უნდა მოვარგოთ. ამ პოლიტიკის მორგების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ვალუტის მცურავ კურსად შენარჩუნება. ის რომ ლარი გაუფასურდა ქვეყნისთვის კარგიც არის, რადგანაც ქვეყანამ და ქვეყნის ექსპორტმა შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, რომელიც ექსპორტის შემდგომი ზრდით უნდა გამოიხატოს. მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის, როგორც ამჟამად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მომავალში, იმიტომ რომ საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი და საგარეო მდგომარეობა შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალოს. ახლა ლარი გაუფასურდა, სამომავლოდ შეიძლება მოხდეს მისი გამყარება და გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყოფს ლარის მიერ გარეშე შოკების შეთვისებას. გაცვლით კურსზე გადავიდა ის შოკები და დარტყმა, რაც ქვეყანას მიადგებოდა, რომ არ ყოფილიყო გაცვლითი კურსი მოქნილი. საუკეთესო პრაქტიკა ცენტრალური ბანკების მუშაობაში არის ის, რომ მათი ძირითადი მიზანი ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის უზრუნველყოფაა, რომ ფასები არ გაიზარდოს. ეს ისაა, რასაც სებ-ი აკეთებს, იგი უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის მოქნილობას და ინფლაციის სტაბილურობას და იმისთვის, რომ ცენტრალურმა ბანკმა შეასრულოს თავისი ძირითადი მიზანი, უზრუნველყოს დაბალი ინფლაცია, აუცილებელია მისი მყარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება ინსტრუმენტების არჩევანსა და  მოქმედებებში", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუჰა კაჰკონენმა.


„შ
ეხვედრაზე განვიხილეთ ის პარტნიორობა და თანამშრომლობა, რომელიც გვაკავშირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. როგორც იცით, სსფ სრულად უჭერს მხარს იმ პოლიტიკას რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ისევე როგორც EBRD, მსოფლიო ბანკი და ჩვენი ქვეყნის ყველა დონორი და საერთაშორისო პარტნიორი. ეს ორგანიზაციები მხარს გვიჭერენ მხოლოდ ერთი მიზეზით, ეს პოლიტიკა არის დღეს ერთადერთი სწორი პოლიტიკა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიარეთ ის მონაცემები და მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომლის მიხედვითაც მომდევნო კვირაში სსფ-ს მისია ეწვევა საქართველოს და რომლის ირგვლივაც გაიმართება მსჯელობა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

დღეს გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებთან ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურების თემაზე გააკეთა განცხადება:

„მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მტკივნეულია ლარის გაუფასურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით მათთვის ვისაც მნიშვნელოვნად გაუძვირდა სესხის მომსახურების ტვირთი. ჩვენ ყოველდღიურად ვუწევთ ამ პროცესს მონიტორინგს.

პრობლემის დასაძლევად აუცილებელია ფუნდამენტური მიზეზების მოგვარება, როდესაც ქვეყანაში შემოდის ნაკლები უცხოური ვალუტა პრობლემის გადაწყვეტის გასაღების ძიება ეროვნულ ბანკსა და მონეტარულ ინსტრუმენტებში არის ილუზია. ეს ჰგავს მცდელობას, ავაშენოთ სახლის მეორე სართული საძირკველიდან გამოღებული აგურით. ეს არაერთხელ დადასტურებულა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში. ასეთი მოდელი რომ გამართლებული იყოს მთელი მსოფლიო ასე მარტივად, მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტებით გადაჭრიდა საკითხს და ვალუტის გაუფასურება აღარ იქნებოდა მტკივნეული პროცესი.

რაც შეეხება გაცვლით კურსს და იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში, კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, გაცვლით კურსზე მოქმედი ფაქტორები ძირითადად ამოწურულია და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში. რაც შეეხება მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც აქვს ადგილი, ამ მოვლენაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის მოლოდინები და სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის, მე ვიტყოდი გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით. რაც ნიშნავს, იმას რომ ბაზრის მონაწილეები, ვისაც დოლარი აქვთ გასაყიდი ისინიც კი თავს იკავებენ გაყიდვისგან იმის გამო, რომ მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოკლე ვადაში კურსს ექნება გაუფასურების მიმართულება, ეს მოლოდინი იწვევს კურსის ერთის მხრივ წონასწორულზე მაღალ წერტილზე ასვლას, და შემდგომ უკვე, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის მოჰყვება გამყარება.

ჩვენ ვახორციელებთ ერთადერთ სწორ პოლიტიკას, რომელიც შესაძლებელია ამ პირობებში და გარე შოკების გათვალისწინებით. საბოლოოდ, გამოსავალი არის ე.წ მეორე თაობის რეფორმებში, ასევე ხშირ შემთხვევაში არაპოპულარულ, რთულ გადაწყვეტილებებში, რომელიც აუცილებლად არის მისაღები. ეს ნაბიჯები აუცილებლად უნდა გადაიდგას. კონკრეტულად ამის შესახებ საუბრის შესაძლებლობა მომდევნო კვირიდან პარლამენტში განხილვის დროს გვექნება. ვისაუბრებ ასევე მიზეზებზეც, მაგრამ რაც მთავარია გამოსავალზე, რადგან დღეს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყანას, მიზეზების განხილვაზე გაცილებით უფრო აინტერესებს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ ყოველდღიურ ყოფას შეეხება, რომელიც მათ ყოველდღიურ სოციალურ პირობებს გააუმჯობესებს. ამიტომ, ჩემი აზრით, დღეს ჩვენ უნდა ვმსჯელობდეთ გამოსავლის გზებზე, იმ პერსპექტივებზე, რომლის შედეგადაც მივიღებთ გაცილებით უკეთეს სურათს, განსხვავებით მიზეზებზე საუბრისგან და, რა თქმა უნდა, იმ განცხადებებისგან, რომელსაც მე ვისმენ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტება დღეს რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებზეც გააკეთა:

„მონეტარული ინსტრუმენტების ცალ-ცალკე განხილვას არანაირი ეკონომიკური შინაარსი არ აქვს. თუ კრიტიკა არის ის, რომ ფულის მასა გაზრდილია, ეს ასე არ არის. სარეზერვო ფულის, წლიური ზრდა არის ნულთან ახლოს; ეს ერთი და მეორე, თუკი ვინმე ფულის მასის შემცირებაში ხედავს გამოსავალს, მონეტარული ინსტრუმენტებით ამის გაკეთებას თავისი ფასი აქვს, მაშინ როდესაც ფულის მასის შემცირება უფრო სწრაფად და უფრო ეფექტურად შესაძლებელია ასევე ფისკალური კონსოლიდაციის გზით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სხვა სიახლეები