გიორგი ქადაგიძე მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კონფერენციაზე გაიმართა მსჯელობა მიკროსაფინანსო სექტორის განვითარების, სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გახსნა.
„დღევანდელი კონფერენციის უმთავრესი მიზანია დეტალურად განვიხილოთ მიკროსაფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, პრობლემები, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. მიკროსაფინანსო სფერო ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა ფინანსურ სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ეროვნულ ბანკს არ აძლევს უფლებამოსილებას არეგულიროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ჩვენ, ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ მოქალაქეები სამომავლო რისკებს: უპირველესად დავავალდებულებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მოახდინონ ხელშეკრულებების სტანდარტიზაცია და პირველსავე გვერდზე თვალსაჩინოდ და მარტივად აღსაქმელად გამოიტანონ ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა, და მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ პროდუქტის ფინანსური ხარჯების ნაწილი. ამავდროულად ვთხოვთ მოქალაქეებს, უფრო მეტად დაინტერესდნენ, ვის ანდობენ საკუთარ ფინანსებს, მეტი ყურადღებით წაიკითხონ ხელშეკრულება და შეაფასონ მოსალოდნელი საფრთხეები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კონფერენციას საქართველოში რეგისტრირებული 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. ეროვნული ბანკის სპეციალისტებმა კონფერენციის მონაწილეებს სექტორის რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება გააცნეს. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა, ანჟელა პრიგოჟინამ კი მიკროსაფინანსო სფეროს ფუნქციონირებისა და რეგულირების ჩარჩოს შესახებ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები და რეკომენდაციები წარადგინა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციამ შეიმუშავა ეთიკის კოდექსი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კლიენტებთან ურთიერთობების ძირითად სტანდარტებს ასახავს. აღნიშნული კოდექსის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ ისაუბრა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს. წინა შეხვედრაზე, რომელიც 2013 წლის მაისში ეროვნულ ბანკში გაიმართა, იმსჯელეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ერთი ნაბიჯის შესახებ, კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ნორმატიული აქტი, რომლითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რეფინანსირების ზედა ზღვარი, კომერციული ბანკების მსგავსად, 2 პროცენტით განესაზღვრათ.
დღეისათვის საქართველოს არასაბანკო სექტორი 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება.