გიორგი ქადაგიძე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგელებს შეხვდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეფინანსირების განაკვეთის ზედა ზღვარი 2 პროცენტით განისაზღვრა, ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვერდაზე განაცხადა.
„მიკროსაფინანსო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისათვის. ის განაგრძობს ზრდას, ასაქმებს ასეულობით ადამიანს და ასევე დინამიურად იზრდება მისი წილიც მთლიან ეკონომიკაში. თუმცა ამ სფეროშიც ბევრი საკითხია პრობლემური, ყველაზე მნიშვნელოვანია ის სეგმენტი, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა ვრცელდება: უმეტესწილად ესაა რეგიონები და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა. ამიტომ აუცილებელია ამ ორგანიზაციების მხრიდან მეტი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. ეროვნულმა ბანკმა ამ მიმართულებით გადადგა ნაბიჯი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც მომავალი ორშაბათიდან ამოქმედდება. ეს არის რეფინანსირების საკომისიოს 2 პროცენტიანი ზღვარის დაწესება, რაც გულისხმობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას უწესდება ზედა მაქსიმალური 2 პროცენტიანი ზღვარი, რომელიც შეუძლია მოთხოვოს კლიენტს სესხის წინმსწრებად დაფარვის ან სხვა ბანკში სესხის გადატანისას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ შეაფასა დღევანდელი შეხვედრა და განაცხადა, რომ ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ და გაზრდილი კონკურენციის ფონზე შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთმა დაიკლოს. „საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ეს ახალი რეგულაციები საკმაოდ გაამწვავებს ამ კონკურენციებს. რაც საბოლოო ჯამში გარკვეულ სარგებელს მისცემს ბაზარს და მომხმარებლებს. რაც თავის მხრივ დადებითი მომენტია. არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული ორგანიზაციები გარკვეულ მარკეტინგულ აქციებსაც გეგმავდნენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესებს შეთავაზებებს და უფრო უკეთეს სასესხო შეთავაზებებს გააჩენს ბაზარზე. შეხვედრა ძირითადად გარკვეულ საკანონმდებლო საკითხებს შეეხებოდა. არსებობს მოსაზრებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რეგულირება და როგორ შემცირდეს რეგულირების ტვირთი. თავის მხრივ კი ეს გაამარტივებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფუნქციონირებას და მათ წვდომას ფინანსურ რესურსებზე და საბოლოო ჯამში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს, რომ დაიწიოს საპროცენტო განაკვეთებმა ჩვენს სექტორში. ეს არის კონკურენციის ერთ-ერთი მიზანიც, რომ სექტორში საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს. ჩვენ ვსაქმიანობთ რეგიონებში, მცირე ქალაქებში, სოფლებში და გავცემთ ძალიან მცირე რაოდენობით სესხებს. ამიტომ ამ ყველაფრის მომსახურება საკმაოდ ძვირია, რაც საბოლოო ჯამში აისახება ფასებზე. შესაბამისად, ყველა ერთობლივად, ჩვენი კონკურენტების წყალობით, მათთან მუშაობით, ამავე დროს რეგულირების გამარტივებით, ჩვენ მივედით იქამდე, რომ ეტაპობრივად მოვახდინოთ ეკონომიკაში, ჩვენს სექტორში განაკვეთების შემცირება. ჩვენ გარკვეულწილად გვაქვს უფრო დიდი ტვირთი, ვიდრე სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. ამ თვალსაზრისით, ახალ ინიციატივებს უახლოეს მომავალში განვიხილავთ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე საქართველოს პარლამენტთან“, - განაცხადა არჩილ ბაკურაძემ.
დღეისათვის საქართველოს არასაბანკო სექტორი 63 მიკროსაფინასო ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია ნებაყოფლობითია და არანაირ დამატებით უფლებამოსილებას არ ანიჭებს მას. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება. კანონმდებლობითაა განსაზღვრული ერთ კლიენტზე გასაცემი სესხების და სხვა იურიდიული პირების კაპიტალში მათი მონაწილეობის ჯამური ოდენობა, ასევე დადგენილია მინიმალური კაპიტალის მოცულობა.