გიორგი ქადაგიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ოლივიე დეკამს შეხვდა

გიორგი ქადაგიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ოლივიე დეკამს შეხვდა

15 იანვარი, 2014

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ოლივიე დეკამს შეხვდა.
 
ეროვნულ ბანკში EBRD - ის წარმომადგენელთა ვიზიტის მთავარი მიზანი არსებული ეკონომიკური სიტუაციის გაცნობა გახდა. გიორგი ქადაგიძემ სტუმრებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით საქართველოში ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების მიმართულებით მომავალში დაგეგმილ ინვესტიციებზე გამახვილდა.
 
როგორც ცნობილია უახლოეს მომავალში, EBRD აპირებს ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვას ლარით დენომინირებული კორპორატიული ობლიგაცია. ეს იქნება საქართველოში პირველი ფასიანი ქაღალდი - გამოშვებული ეროვნული ვალუტით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რაც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების განვითარებას და რასაც თავის მხრივ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაც მოჰყვება. 
 
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დელეგაციის შემადგენლობაში არიან მმართველი დირექტორი ოლივიე დეკამი, რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და პოლიტიკური მრჩეველი მაჰირ ბაბაევი.
 
დღემდე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში 1.8 მილიარდი ევროს ინვესტირება 158 პროექტში განახორციელა, მათ შორის საბანკო და ფინანსურ სექტორებში, ენერგეტიკაში, აგრობიზნესსა და მრეწველობაში. ასევე მოახდინა 3 მილიარდი ევროს მობილიზება სხვა ფინანსური წყაროებიდან ხსენებული სექტორების დაფინანსებისათვის.

სხვა სიახლეები