გერმანიაში ქართული სამონეტო კოლექციის გამოფენა გაიხსნა

გერმანიაში ქართული სამონეტო კოლექციის გამოფენა გაიხსნა

21 სექტემბერი, 2005
გერმანიის ქალაქ კელნში ქართული სამონეტო ექსპონატების გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მოწყობა, რომლის სახელწოდებაა „ფანჯარა“, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.  მის ორგანიზატორს, კელნის კომერციული ბანკის Kreissparkasse-ის „ფულის ისტორიის მუზეუმის“ ხელმძღვანელს თომას ლაუტზს ქართველმა ექსპერტებმა ინფორმაციული დახმარება გაუწიეს.   გამოფენაზე წარმოდგენილია ნუმიზმატების კლაუს ბრონისა და რაინჰარდ ჰუტერის კერძო კოლექციები, რომლებიც ქრონოლოგიურად მოიცავს ქართული სამონეტო სისტემის ყველა ექსპონატს – ანტიკური ეპოქიდან დღევანდელობამდე. გამოფენის ერთ-ერთი ინიციატორის კლაუს ბრონის ქალიშვილის ანია ბრონის განცხადებით, „ექსპოზიციამ დიდი ინტერესი გამოიწვია. რომ არა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობა, ჩვენ ამის გაკეთება გაგვიძნელდებოდა“. ანია ბრონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იგი ქართული ფულის ნიშნებით სწორედ სტუდენტობის წლებში დაინტერესდა.   გამოფენა ქ. კელნში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გასტანს.
სხვა სიახლეები