გამოხმაურება

გამოხმაურება

07 აპრილი, 2010

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 8631.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს მონაცემი აერთიანებს როგორც სახელმწიფო სტრუქტურების ასევე კერძო სექტორის (ბანკები, კომპანიები და ა.შ)მიერ აღებულ ვალსაც. საგარეო ვალის  მაჩვენებლიდან სამთავრობო სექტორის ვალის ოდენობა 2738.4 მლნ აშშ დოლარი იყო, (მშპ-ს 25%), 913.7 მლნ აშშ დოლარი (9%) – ეროვნული ბანკის, 1601.4 მლნ აშშ დოლარი (15%) – საბანკო სექტორის, 1291.4 მლნ აშშ დოლარი (12%) – სხვა სექტორებისა და 2087.0 მლნ აშშ დოლარი (18%) – კომპანიათაშორისი ვალი.

სამთავრობო სექტორის ვალების მომსახურების ხარჯი (პროცენტი) 2009 წელს  100 მილონი აშშ დოლარი იყო, ანუ, მთლიანი შიდა პროდუქტის 1%, ძირის გადახდის ჩათვლით კი მშპ-ს 3%, მომავალ წლებში საპროცენტო ხარჯები  დაახლოებით მშპ-ს 1% იქნება, რაც თავისთავად არანაირ რისკს არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის.

სახელმწიფო ვალის 3,7 მილიარდი აშშ დოლარიდან (მთავრობა და ეროვნული ბანკი), 2,4 მილიარდი აშშ დოლარი არის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი აზიის განვითარების ბანკი და სხვა) აღებული სახსრები. ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან (გერმანია, იაპონია) ნასესხები სახსრები ძირითადად არის IDA-ს პირობებით, არის კონცესიური და საპროცენტო ხარჯი 1%-ზე ნაკლებია. როგორც წესი ქვეყანა ამ სახსრების სავალუტო რეზერვებში განთავსებიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებს ვიდრე საპროცენტო ხარჯი. 

საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები პერიოდულად ატარებენ საგარეო ვალების მდგრადობის ანალიზს, რომლის თანახმადაც სამთავრობო ვალის მშპ-სთან შეფარდება უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში  30%-40%-ის ფარგლებში იმერყევებს, რაც გაცილებით დაბალი მაჩვენებელია აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ–ს სივრცეში შემავალი სახელმწიფოების ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.

 

სხვა სიახლეები