ბრიტანულმა გამოცემა „Currency News“-მა 200-ლარიან ბანკნოტს 
სპეციალური წერილი მიუძღვნა

ბრიტანულმა გამოცემა „Currency News“-მა 200-ლარიან ბანკნოტს სპეციალური წერილი მიუძღვნა

19 ივნისი, 2007
ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „Currency News“-მა 2007 წლის მაისის ნომერში, რუბრიკით „თვის ბანკნოტი“, საქართველოს ეროვნული ვალუტის ახალი ნომინალი – 200-ლარიანი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ბანკნოტად დაასახელა.   გთავაზობთ 200-ლარიანი ბანკნოტისადმი „Currency News“-ის მიერ მიძღვნილი სტატიის სრულ თარგმანს.     თვის ბანკნოტი   ახალი 200-ლარიანი ბანკნოტი სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას აერთიანებს 31 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ და ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წარმოადგინეს ახალი, მაღალი ნომინალის – 200 ლარის ბანკნოტი. ცერემონიას თბილისში ესწრებოდა ამ ბანკნოტის მწარმოებელი კომპანია „გიზეკე ენდ დევრიენტის“ პრეზიდენტი დოქტორი ვალტერ შლებუში, რომელმაც კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბანკნოტის არსენალი მოიცავს უსაფრთხოების უნიკალურ ნიშნებს, რაც მას მსოფლიოში გაყალბებისაგან ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ბანკნოტად ხდის. ლარი, რაც ქართულად „განძს“, „ქონებას“ ნიშნავს, ეროვნული ვალუტაა 1995 წლიდან (1992 წელს, საბჭოთა რუბლის მიმოქცევიდან ამოღების მომენტიდან ლარის შემოღებამდე, ქვეყანა დროებით ფულად ერთეულს – კუპონს იყენებდა) და იგი შემოღებისას დენომინირებულ იქნა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100-ლარიანი კუპიურებით. მას შემდეგ 200 ლარი პირველად შემოდის და, როგორც ბ-ნი რ. გოცირიძე განმარტავს, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ასახავს. ახალი ბანკნოტი ერთდროულად წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილს ქვეყნის იდენტურობისა და სუვერენიტეტის შესახებ. მის ავერსზე მოთავსებულია სამხედრო მეთაურის, ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი, რომელიც 1920-იან წლებში საბჭოთა ოკუპაციას ებრძოდა და ემიგრაციაში, პარიზში გარდაიცვალა. 2005 წელს პრეზიდენტის ინიციატივით მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და ოფიციალურად დაკრძალეს. ბანკნოტის რევერსზე გამოსახულია აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი. პრეზენტაციის ცერემონიალზე ამ არჩევანის კომენტირების დროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა: „ქართველებსა და აფხაზებს ერთიანი ფესვები აქვთ. ქართულ კუპიურაზე აფხაზეთის გამოსახვა წარმოადგენს ჩვენს გზავნილს იმის თაობაზე, რომ აფხაზეთი უნდა აღორძინდეს ორივე ხალხის მიერ, და რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა ვიცხოვროთ გვერდიგვერდ“. ბანკნოტის დიზაინი 2005 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ქართველი მხატვრის მიერ არის შესრულებული. ტენდერში რამდენიმე უცხოელი დიზაინერიც მონაწილეობდა. პოლიტიკურ სიმბოლიკას რომ თავი დავანებოთ, ბანკნოტი აერთიანებს უსაფრთხოების ნიშნების ფართო სპექტრს, მათ შორის: ჩოლოყაშვილის პორტრეტის ციფრული ტექნოლოგიით შესრულებულ გრავიურას, ფორმაში ელექტროტიპით გამოჭრილ წყლის ნიშანს, გარედან ინტაგლიოთი დატანილ წყვეტილ ზოლსა და „გიზეკე ენდ დევრიენტ“-ის უნიკალური ტექნოლოგიით დატანილ ნიშნებს, სახელწოდებით – PEAK, FITmedal, STEP და LOOK. PEAK (დაბეჭდილი და რელიეფურად დატანილი ანტიკოპირების გასაღები) წარმოადგენს ოპტიკურად ცვალებად ნიშანს, რომელიც შეიცავს ოფსეტური ბეჭდვისა და ინტაგლიოს რელიეფურ გამოსახულებას. FITmedal წარმოადგენს სამ განზომილებაში შესრულებულ მონეტისეული გამოსახულების რელიეფურ ნიშანს, რომელიც წინასწარ დამზადებულია კომპიუტერიდან ფირფიტაზე გადმოტანილი ნაბეჭდის სახით, ინტაგლიოს ტექნოლოგიის გამოყენებით. STEP-ი არის ფერის ცვალებადობის ნიშანი, ხოლო LOOK-ი (ლაზერული წარმოშობის ოპტიკური გასაღები) „გიზეკე ენდ დევრიენტ“-ის უახლესი ნიშანია. სპეციფიკური ეფექტები ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენებით არის დატანილი თითოეული ბანკნოტის მატრიცაზე, რომლის პროცესში ლაზერული ენერგია შედის რეაქციაში მელანსა და ზოლში არსებულ ნაწილაკებთან. 200 ლარის ბანკნოტი პირველია მსოფლიოში, რომელიც ამ ნიშანს შეიცავს. „Currency News“-ი ბრიტანული ავტორიტეტული ყოველთვიური გამოცემაა, რომელიც გამოდის ბეჭდური და ელექტრონული ფორმით. მასში აისახება ინფორმაცია მრავალი ქვეყნის ბანკნოტების, ფულადი ბაზრების, ფულის ნიშნების დამამზადებელი კომპანიების, ახალი ტექნოლოგიებისა და წარმოებული პროდუქციის შესახებ. მისი მომხარებლები არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ცენტრალური და კომერციული ბანკები, ასევე სავალუტო ბაზრით დაინტერესებული კომპანიები და ბიზნესსტრუქტურები. გამოცემას მიღებული აქვს მრავალი, მათ შორის, სავალუტო ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო. როგორც ყველაზე საუკეთესო გამოცემა, დაჯილდოებულია სპეციალური პრიზით, აღიარებულია ვალუტების მიმოხილვის საუკეთესო ვებ-გვერდად და ა. შ.
სხვა სიახლეები