ბიზნესის მხარდაჭერისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით ფინანსთა სამინისტროსა და კომერციულ ბანკებს შორის შეთანხმება გაფორმდა
23 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანია საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობისა და პატიოსანი გადამხდელების წახალისების გზით ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და საკრედიტო აქტივობის ზრდას.
შეთანხმების თანახმად ფინანსთა სამინისტრო რეგულარულად მიაწვდის კომერციულ ბანკებს სრულყოფილ საგადასახადო ისტორიას პატიოსანი გადამხდელების მიერ შესრულებული ვალდებულებების შესახებ.
თავის მხრივ, კომერციული ბანკები გამოთქვამენ მზადყოფნას მეწარმეებს მიაწოდონ გამარტივებული და შეღავათიანი საბანკო მომსახურება. კრედიტის გაცემისას გაითვალისწინონ გადამხდელთა საგადასახადო ისტორია და მაქსიმალურად უზრუნველყონ მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნეს-იდეების დაფინანსება.
„დღევანდელ ინიციატივას ორი მთავარი მიზანი აქვს. პირველი, ეს არის ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საბანკო დაკრედიტების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და მეორე, პატიოსანი გადამხდელის სტიმულირება, რათა მათ მაქსიმალურად სწრაფად განავითარონ თავიანთი ბიზნესები. პატიოსანი გადამხდელები ნაკლები რისკის მატარებლებლები არიან ბანკებისათვის და ამიტომ ბანკებიც მოტივირებულები იქნებიან, გაყვნენ ასეთი ტიპის ბიზნესებს სხვადასხვა პროექტებში", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი სწორედ საბანკო სექტორზე მოდის. მიმდინარე წლის 11 თვეში საბანკო სექტორის მთლიანმა აქტივებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 10 მლრდ ლარს მიაღწია. „მნიშვნელოვანია, რომ ფულის ეს მასა ისევ ქართულ ეკონომიკას დაუბრუნდეს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვა პრიორიტეტული დარგების დაკრედიტების გზით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მთავრობასთან ერთად აქტიურად ერთვება საბანკო სექტორი. აღნიშნული შეთანხმება ერთის მხრივ, დაეხმარება პატიოსან გადამხდელს გაცილებით მარტივად და სწრაფად აიღოს კრედიტი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის, ხოლო მეორეს მხრივ, დაეხმარება საბანკო სექტორს თანხა საიმედო ბიზნესპროექტებში დააბანდოს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.
მხარეთა განცხადებით, ეს შეთანხმება სახელმწიფოსა და საბანკო სექტორის მიერ ჯანსაღი ბიზნესგარემოს ხელშეწყობის კიდევ ერთი დასტურია.