ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილმა მონეტამ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია
02 აგვისტო, 2006
საქართველოს ეროვნული ბანკი საინვესტიციო, საიუბილეო და სამახსოვრო მონეტების დამზადებისა და მათი რეალიზების ახალი კონცეფციის განხორციელებას შეუდგა. დამზადდა რამდენიმე სამახსოვრო მონეტა. ისინი საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყიდება.
განსაკუთრებით დიდი ინტერესია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებასთან დაკავშირებით დამზადებული სამახსოვრო მონეტის მიმართ. ვერცხლის მონეტა, რომელიც 46 ლარი ღირს, სწრაფად იყიდება და მასზე დიდი მოთხოვნაა არა მარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანსა და თურქეთში. ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში დაკავებული კომპანიების თანამშრომლებს შორის.
სამახსოვრო მონეტამ მეგა-ენერგოპროექტის მთავარი მონაწილის, კომპანია „ბიპისთვის“ საიმიჯო დანიშნულება მიიღო. კომპანიამ 15800 ლარის ღირებულების ვერცხლის მონეტა შეიძინა.
საქართველოს მოსახლეობის არც ის ნაწილი დარჩა უკმაყოფილო, რომელმაც ვერ შეძლო ვერცხლის მონეტის შეძენა. მათთვის დამზადდა ანალოგიური დიზაინის სპილენძის, თუთიისა და ნიკელის შენადნობის მონეტა, რომელიც 5 ლარად იყიდება.
მონეტები პოპულარობით სარგებლობს პროფესიონალ ნუმიზმატ-კოლექციონერებს შორისაც.
აღნიშნული სამახსოვრო მონეტის დიზაინი ეკუთვნის მხატვარ-ჰერალდიკოსს მამუკა გონგაძეს. მონეტაზე გამოსახულია რეგიონის გეოგრაფიული რუქა. საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის ტერიტორიები გამოყოფილია საზღვრებით.