ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა სწრაფად იყიდება

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტა სწრაფად იყიდება

14 ივლისი, 2006
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი ვერცხლის, ასევე სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობის სამახსოვრო მონეტები დღეს დილიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმსა და ეროვნული ბანკის ფილიალებში სწრაფი ტემპით იყიდება. მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა 5 ლარის ღირებულების მონეტაზე, რომელიც სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობისგანაა დამზადებული.   მიშა ამბროსოვი. გრიბოედოვის სახელობის თეატრის მსახიობი „საერთოდ, ვაგროვებ ქართულ მონეტებს. ისინი შევიძინე როგორც პირადი კოლექციის შესავსებად, ასევე მეგობრებისთვის საჩუქრად. მონეტა ძალიან მომწონს“.   ბექა ბაჯელიძე. მენეჯერი „ნუმიზმატი ვარ. ერთი ვერცხლის მონეტა შევიძინე. ღირს, რომ კოლექციისთვის ვიყიდო. დაინტერესებული ვარ სხვა მონეტებითაც, რომლის გამოშვებასაც ეროვნული ბანკი გეგმავს“.   გიორგი ფალავანდიშვილი. ხელოსანი „მე ვიწყებ კოლექციონერობას. რაც უკანასკნელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა მონეტები გამოუშვა, თითქმის ყველა შევიძინე. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედება, ნამდვილად, აღსანიშნავი მოვლენაა. აზერბაიჯანში მეგობრები მყავს და მათთვისაც ვაპირებ გაგზავნას“.   გიორგი გამყრელიძე. დურგალი „საკოლექციოდ შევიძინე. ყველა ქართულ მონეტას ვაგროვებ, მითუმეტეს ვერცხლის მონეტა ძვირფასი ლითონისგანაა დამზადებული და ორმაგად მიმზიდველია“.   ბადრი და დიმიტრი ჯანჯღავები. (მამა-შვილი) პენსიონერი და მოსწავლე „მოგვეწონა ახალი მონეტები. შევიძინეთ ვერცხლის მონეტა. ყოველ ახალ მონეტას ინტერესით დაველოდებით“.   ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამოქმედებისადმი მიძღვნილი სამახსოვრო მონეტები,  საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska) მოიჭრა. ფულის მუზეუმსა და ეროვნული ბანკის ფილიალებში იყიდება ერთნაირი ესკიზის ორი მონეტა – ვერცხლის მონეტის ღირებულება 46 ლარია, სპილენძის, ნიკელისა და თუთიის შენადნობისა – 5 ლარი. მონეტის ესკიზის ავტორია მამუკა გონგაძე.
სხვა სიახლეები