ახალი სამახსოვრო მონეტისათვის „ოლიმპიადა, პეკინი 2008“ საუკეთესო ესკიზი გამოვლინდა
პეკინის ოლიმპიადის თემატიკაზე სამახსოვრო მონეტის ესკიზის შესაქმნელად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2008 წლის თებერვლის დასაწყისში საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო კომისიას 23 ესკიზი წარედგინა, მათ შორის, ერთი ფინეთის ზარაფხანიდან.
„საქართველოს ხანგრძლივი და წარმატებული ოლიმპიური ტრადიციები აქვს. ამდენად, ახალი მონეტა კარგი სამახსოვრო საჩუქარი გახდება როგორც ქართველ ოლიმპიელთა, ასევე სპორტის ყველა გულშემატკივრისათვის. როგორც მოელიან, პეკინის ოლიმპიადაზე სპორტსმენთა რეკორდული რაოდენობა მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი სურვილია, რომ პეკინის ოლიმპიადისადმი მიძღვნილი მონეტა პოპულარული გახდეს არამარტო საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ამაღლობელმა.