აფხაზეთის საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის გამო რუსეთი FATF-ის შემოწმებას შიშით ხვდება

აფხაზეთის საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის გამო რუსეთი FATF-ის შემოწმებას შიშით ხვდება

24 მარტი, 2006
რუსული ფინანსური წრეები, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საფინანსო სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის გამო, გარკვეული შიშით უყურებენ რუსული ბანკების შემოწმების პროცესს, რომელსაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა ჯგუფი (FATF) მომავალ წელს გეგმავს. ამის შესახებ რუსი ბანკირები, საფინანსო ექსპერტები და სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენლები ტელეარხ РБК-ს პროგრამა „კაპიტალში“ მსჯელობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო РБК-მ გაავრცელა.   „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმართა FATF-ს შემოწმების გეგმაში ჩასვას რუსული ბანკების მხრიდან აფხაზეთის უკანონო ფინანსურ სტრუქტურებთან არალეგალური თანამშრომლობის  ფაქტები. საეჭვოა, FATF-ის ფინანსური ინსპექტორები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გარკვევაში ჩაერიონ, მაგრამ ამ ფაქტს აუცილებლად უნდა ყურადღების მიქცევა, მითუმეტეს, როდესაც FATF-ის მოღვაწეობაში პოლიტიკური სარჩული სახეზეა“, – განაცხადეს РБК-ის ეთერში მიწვეულმა ექსპერტებმა.   ექსპერტების შიშს ისიც განაპირობებს, რომ რუსეთს მუდმივად გართულებული ურთიერთობა აქვს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სპეციალურ ქმედებათა ჯგუფთან, რომლის „შავ სიაშიც“ რუსეთის ფედერაცია, ამ ქვეყანაში საბაზრო რეფორმების დაწყების პერიოდიდანვე მოხვდა და მას თავი მხოლოდ 2002 წელს დააღწია. რუსეთი FATF-ის წევრი 2003 წელს გახდა, თუმცა ექსპერტები თვლიან, რომ „დიდი რვიანის“ წევრი ქვეყნის – რუსეთის    FATF-ის წევრად მიღება უფრო პოლიტიკური ჟესტი გახლდათ, ვიდრე კანონზომიერება, რადგან რუსეთი ამ ორგანიზაციის სავალდებულო რეკომენდაციების ნაწილს არ ასრულებს.   საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ რუსული ბანკების მხრიდან აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციებთან უკანონო თანამშრომლობის აღკვეთის თხოვნით  FATF-ის გარდა, მიმართა „დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლებისა და ტერორიზმის დაფინანსების ლეგალიზაციის საწინააღმდეგო ევრაზიის ჯგუფის“ თავმჯდომარესაც.   ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, „ჩვენ ასევე ვაპირებთ მივმართოთ MONEYVAL-ს (ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა კომიტეტი) და წარვუდგინოთ მას ყველა დოკუმენტაცია. ამ მიმართულებით ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე საქმის კურსშია ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი გიგა ბოკერია. პარლამენტის დელეგაციას საქართველოს ეროვნული ბანკი მიაწვდის სათანადო ინფორმაციას რუსული ბანკების მიერ აფხაზურ ფინანსურ სტრუქტურებთან უკანონო თანამშრომლობის ფაქტების შესახებ“.
სხვა სიახლეები