ავსტრიის ეროვნული ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს
09 დეკემბერი, 2005
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი რომან გოცირიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით, ავსტრიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჰერბერტ სჩიმეტსჩეკის მიწვევით, ვენაში იმყოფებოდა. ავსტრიის დედაქალაქში რომან გოცირიძე სალონიკიდან (საბერძნეთი) ჩავიდა. მან მონაწილეობა მიიღო „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს მუშაობაში, რომელსაც ამ ბანკის ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩია. საბჭომ ბანკის პრეზიდენტად თურქეთის წარმომადგენელი ჰაირეტინ კაპლანი დანიშნა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნულ კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში რომან გოცირიძე ამ ქვეყნის ეროვნული ბანკის სხავდასხვა სტრუქტურული დანაყოფის, მათ შორის, ევროპაში ყველაზე გამართული საკასო ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ავსტრიის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების ვენაში უფასო სტაჟირების ორგანიზებაში დახმარება აღუთქვა. გარდა ამისა, ავსტრიის ეროვნული ბანკის წამყვანი სპეციალისტები თბილისში გამართავენ ტრენინგებსა და სემინარებს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.