1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტა გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსს დაკარგავს. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N5 დადგენილებით, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან, გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის 50 თეთრის ნომინალის მონეტას, ე.წ. ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია - გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი "50" და წარწერა – "თეთრი", რევერსზე - ბორჯღალი, ციფრები წარწერები: "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA". აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან, სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. 2018 წლიდან, ერთი წლის განმავლობაში, ძველი 50 თეთრიანის ნომინალური ღირებულებით გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში. (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).