ფინანსური პირამიდების შესახებ ვიდეორგოლის პრეზენტაცია

საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულად დაბანდებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, 4 ოქტომბერს, სასტუმროში "რუმსში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურები წარუდგინა. პრეზენტაციას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კომერციული ბანკების, უმაღლესი სასწავლებლების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგანმანათლებლო ვიდეო-რგოლი და ბროშურა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის" (SBFIC) მხარდაჭერით განავითარა, საზოგადოებას გააცნობს, თუ რას ნიშნავს ფინანსური პირამიდა, რა რისკები უკავშირდება საკუთარი თანხების არაგონივრულად დაბანდებას, როგორ უნდა ამოვიცნოთ მაღალრისკიანი, პირამიდული სქემები და ავირიდოთ თავიდან ფინანსური საფრთხეები.