ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის სხდომა
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში ერთობლივად განსახორციელებელი პროგრამების შესახებ იმსჯელეს დღეს ეროვნულ ბანკში გამართულ ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის მორიგ სხდომაზე, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, "ფინანსური განათლების წლის" მიზნებსა და სხვადასხვა სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში ჩვენი მიზანია ფინანსური განათლება გავხადოთ საზოგადოებრივი დიალოგის ნაწილი, საკითხისადმი ინტერესი გავაღვივოთ როგორც ბენეფიციარებში, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებში და საფუძველი ჩავუყაროთ ისეთ მდგრად ინიციატივებსა და თანამშრომლობას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფინანსური განათლების გავრცელებას. ფინანსური განათლების წლის მიზნების მიღწევაში კომიტეტის თითოეული წევრის გამოცდილებას, როლსა და პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.