ეროვნულ ბანკსა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის მემორანდუმი გაფორმდა
12 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ეროვნულ ბანკსა და სასახლეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური განათლების ამაღლების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ფინანსური განათლების პროექტის "სკოლა-ბანკი" დანერგვა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, როგორიცაა "გლობალური ფულის კვირეული", აქტიური თანამშრომლობა. ამასთან, მხარეები ითანამშრომლებენ პედაგოგების შესაძლებლობების გაზრდისა და ახალი საგანმანათლებლო მიდგომების შემუშავების მიმართულებით.
პროექტის "სკოლა-ბანკი" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბავშვების და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-თან (CYFI) თანამშრომლობით, 12-15 წლის მოზარდებისთვის განავითარა სახელმძღვანელო, რომელიც სახალისო და ინტერაქტიული ფორმითაა შედგენილი, და მოიცავს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო ყველა ფინანსურ საკითხს, როგორიცაა, ფინანსური სისტემა და მისი მონაწილეები, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები, ფულის დაზოგვა და გონივრულად მართვა. ეს პროექტი ბავშვებს დაეხმარება გამოიმუშაონ ცოდნა, ჩვევები და დამოკიდებულებები, რაც მათ ფინანსურ სისტემასთან თავდაჯერებით ურთიერთობასა და მომავალში, პასუხისმგებლიან მომხმარებლებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
"სკოლა-ბანკის" ფარგლებში, 2017 წლის აპრილში მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩატარდა პედაგოგების ტრენინგი, სწავლება კი სექტემბრიდან დაიწყება.